მზია გიორგობიანმა შშმ პირთა უფლებების მიმართულებით გაეროს წარმომადგენელს სამინისტროს საქმიანობა გააცნო
17 ოქტომბერი 2023რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, გერარდ ქვინს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მზია გიორგობიანმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს გააცნო სამინისტროს საქმიანობა რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მხრივ განხორციელებული და გადადგმული ღონისძიებები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შშმ პირთა საკითხების მიმართულებით, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. ასევე, უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადებას და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას.
უკვე მესამე წელია, რაც სამინისტრო ამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და აქტიურად მუშაობს აღნიშნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების დანერგვის კუთხით. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ნიმუში. აღინიშნა ისიც, რომ 2023 წელს ყველა მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თანასწორობას და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას, ცნობიერების ამაღლებას, ხელმისაწვდომობასა და თანასწორუფლებიანობას კანონის წინაშე.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებულია არაერთი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები შშმ პირებისთვის, ადმინისტრაციული შენობების ადაპტირების დაწყება, ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟება, მუნიციპალური ტრანსპორტის ადაპტირება, შშმ პირების ჩართულობით კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებების ჩატარება, მასობრივი სპორტის ღონისძიებებში მათი მონაწილეობის წახალისება, რეკრეაციული სივრცეების ადაპტირება, მერიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ცნობიერების ამაღლების მიზნით და ა.შ.
გაეროს ექსპერტმა გერარდ ქვინმა დადებითად შეაფასა მიღწეული პროგრესი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ხაზი გაუსვა პოლიტიკით გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობას.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქვინი საქართველოში სპეციალური ვიზით იმყოფებოდა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასების მიზნით. მან შეხვედრა გამართა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.